სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რეკომენდაციების შესრულებაზე 1200 ბიზნესოპერატორი უკვე გადაამოწმა
საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანებით ამოქმედებული ახალი რეგულაციის აღსრულებაზე ზედამხედველობა აქტიურად მიმდინარეობს.
როგორც “კვირას” სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, რეგულაცია საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის (მათ შორის, რესტორნების, კაფეების, ბარების, სასადილოების, სარიტუალო დარბაზებისთვის და სხვა) გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს. ბრძანების ამოქმედებიდან სააგენტოს ინსპექტორებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 1200-ზე მეტი ბიზნესოპერატორი უკვე გადაამოწმეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, უმრავლესობა ითვალისწინებს სპეციალური ბრძანებით განსაზღვრულ რეკომენდაციებს და მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობისთვის სურსათის ეროვნული სააგენტო მადლობას უხდის მათ.
„მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ – ბიზნესსექტორმა და მომხმარებელმა გაითვალისწინოს რეკომენდაციები, რომლებიც სურსათის მიწოდებისას გარკვეული პირობების დაცვას მოითხოვს. სააგენტოს რესურსი სრულად არის მობილიზებული და მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება ზედამხედველობა, რათა მაქსიმალურად აღიკვეთოს კორონავირუსის გავრცელების შესაძლო რისკი და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა“, – განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
ცნობისათვის, ბრძანება საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ზოგიერთი ღონისძიების განსაზღვრის შესახებ პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 26 თებერვლის №2-107 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გუშინ გამოიცა.
http://nfa.gov.ge/uploads/other/8/8004.pdf