ანდრია გვიდიანი ლარის კურსზე: ეს გამოწვეულია კორონავირუსით, რაიმე ეკონომიკურ ლოგიკასთან კავშირი არ გვაქვს
ეკონომიკის ექსპერტის, ანდრია გვიდიანის განცხადებით, ლარის კურსთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები კორონავირუსითაა გამოწვეული და ამას ეკონომიკურ ლოგიკასთან კავშირი არ აქვს.
ამის შესახებ გვიდიანმა მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ეროვნულის ბანკის ნაბიჯი, რომელიც რეზერვებიდან 40 მილიონი დოლარის გაყიდვას გულისხმობს, ლარის კურსის გამყარებას მნიშვნელოვნად წაახალისებს.
„ლარის კურსთან დაკავშირებით მიმდინარე პორცესი გამოწვეულია იმ ფაქტორით, რასაც კორონავირუსი ჰქვია, შესაბამისად, აქ რაიმე ეკონომიკურ ლოგიკასთან კავშირი ნამდვილად არ გვაქვს. ეს ერთჯერადი ფაქტორია, ჩვენგან დამოუკდიებელი მიზეზებით. აჟიოტაჟი, გაურკვევლობა, რასაკვირველია, ქმნის ნეგატიურ მოლოდინებს და ეს, შესაბამისად, აისახება ეროვნული ვალუტის კურსზე.
დღეს ეროვნულმა ბანკმა დააანონსა რეზერვებიდან 40 მილიონი დოლარის გაყიდვა და უკვე ამ განცხადების შემდეგ ლარის კურსმა გამყარება დაიწყო. როცა აუქციონი შედგება, დარწმუნებული ვარ, ეს კიდევ მნიშვნელოვნად წაახალისებს ლარის კურსის გამყარების ტენდენციებს. შესაბამისად, კურსი უნდა იქნას დაჭერილი ამ და სხვა მექანიზმებით. ეროვნული ბანკი ფლობს მრავალ ინსტრუმენტს იმისათვის, რომ კურსის სტაბილურობა შეინარჩუნოს და თუ ბაზარზე იქნება ისეთი ვითარება, რომ ეროვნული ბანკის ჩარევა საჭირო იქნება, დარწმუნებული ვარ, ის თავის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს ეფექტიანად გამოიყენებს. გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტროს მხრიდან გაკეთდა შესაბამისი განცხადება ფისკალური სტიმულების განხორციელებასთან დაკავშირებით. ეს, ზოგადად, ეკონომიკის სტაბილურობასთან დაკავშირებული ღონისძიებებია და ვფიქორბ, რომ, მიუხედავად კორონავირუსისგან გამოწვეული ნეგატიური სურათისა, ჩვენ მაკროეკონომიკურ სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება. მთავრობის, ეროვნული ბანკის, ასევე, ჩვენი საერთაშროსიო დახმარებისა და შესაბამისი ღონისძიებების ფონზე, საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა იქნება მდგრადი. ვფიქრობ, როცა კორონავირუსი გადაივლის, უფრო ნათლად გამოჩნდება ის ხარვეზები, რაც არსებობს ჩვენს ეკონომიკაში და ის ძლიერი მხარები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს სტაბილურობას“, – განაცხადა გვიდიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკი ხვალ სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის
შეგახსენებთ, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0807 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0807 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 3.0118 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0689 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს – მისი კურსი 3.3974 ლარია მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.3684
ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0290 ლარი შეადგინა.
თამუნა შეყილაძე