თეა წულუკიანი მოსახლეობას მოუწოდებს, იყვნენ საკუთარ თავებთან მეტად მკაცრები, რადგან ეს სჭირდებათ არა მხოლოდ მათ, არამედ – მთელს ქვეყანას
„ჩემი მცირეწლოვანი შვილი ბოლო 3 კვირაა, სახლშია და ჩვენ ვიცავთ მთავრობის მიერ გაცემულ ყველა რეკომენდაციას”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია POSTV-ის ეთერში.
გადაცემა „პოლიტიკური პოსტში” იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ თავადაც და მისი მეუღლეც დადიან სამსახურებში, თუმცა მკაცრად იცავენ ნორმატივებს.
„მნიშვნელოვანია, ვუსმინოთ ერთმანეთს, დავუჯეროთ ექიმებს. რაც შეეხება კანონებს – აქ ექიმები გვისმენენ ჩვენ. ის ერთობლივი თათბირები, რომლებიც პრემიერმინისტრის ინიციატივით ტარდება, მნიშვნელოვანია. ვიღებთ დავალებებს, შემდეგ იშლება საჯარო სტრუქტურებში, სრულდება და ეტაპობრივ მიზნებსაც ვაღწევთ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, იყვნენ საკუთარ თავებთან მეტად მკაცრები, რადგან ეს სჭირდებათ არა მხოლოდ მათ, არამედ – მათ ოჯახებს, მეგობრებს, მეზობლებსა და, რაც მთავარია, ქვეყანას.
ცნობისათვის, POSTV-ის ეთერში, გადაცემა „პოლიტიკური პოსტი” გუშინ, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, დაუგეგმავად დაიწყო. გადაცემა ეთერში გავა ყოველდღე 11:00-დან 12:00 საათამდე, 14:00-16:00 საათამდე, 17:30-18:30 საათამდე და 21:30-22:30 საათამდე. მისი წამყვანები არიან შალვა რამიშვილი და ლელა წიკლაური, ხოლო თემა სრულად ეხება COVID19-ს და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.