თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესორ-მასწავლებლები და იუნკერები ელექტრონული პლატფორმით – Ilias სარგებლობენ. აღნიშნულ რესურსზე სასწავლო მასალა – ელექტრონული წიგნები, საკითხავი მასალა და პრეზენტაციები იტვირთება. ლექციების დისტანციურად ჩატარებისას ეთა-ში, ასევე, გამოიყენება zoom-ის ვიდეოკონფერენციების აპლიკაცია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებშია აპრობირებული. ონლაინსწავლების სრულყოფილად და სტანდარტების შესაბამისად გაგრძელების მიზნით, პროფესორ-მასწავლებლებს გავლილი აქვთ ტრენინგები, ხოლო იუნკერებს, რომლებიც აკადემიაში ჩარიცხვის დღიდან უზრუნველყოფილნი არიან ნოუთბუქებით, შეუფერხებლად მიეწოდებათ ინტერნეტი.
უწყების ცნობით, სასწავლო აკადემიური პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმშიც. დისტანციური სწავლებისათვის ლიცეუმი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ აკრედიტირებული მეთოდით სარგებლობს. სასწავლო პროცესის მართვა Miscrosoft Office 365-ის Teams აპლიკაციის მეშვეობით არის შესაძლებელი. აღნიშნული პროგრამა ინტერაქციული ხასიათის გაკვეთილების ჩატარების, დავალებების მიცემის, კითხვის დასმისა და მოსწავლეთა დისკუსიაში ჩართვის შესაძლებლობას იძლევა.