ლაშა ხუციშვილი: ის, რომ გადასახადებს შეამცირებ და ეს ეკონომიკას დაასტიმულირებს, მხოლოდ პოპულიზმია

„ვირუსის დასამარცხებლად დიდი ფასის გადახდა მოგვიწევს ყველას და თან არა მარტო რიცხვებში გამოხატულის“, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ფინანსთა მინისტრი მოადგილე ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივას.

ლაშა ხუციშვილის მოსაზრებით, სანამ პანდემიის პირობებში გვიწევს ცხოვრება, ნებისმიერი სტიმული გაკეთებული ეკონომიკისათვის არის ფულის წყალში გადაყრა.
„ბევრი გეგმა და მოსაზრება მოვისმინეთ ამ დღეებში და ბევრი კიდევ წინ გვაქვს, უფრო მეტი ეკონომიკაზე, ნაკლები – ჯანდაცვაზე.

არადა, ამ კრიზის არ აქვს ეკონომიკური საფუძვლები. კრიზისის გასაღები მხოლოდ და მხოლოდ ჯანდაცვის პრობლემების (ვირუსის დამარცხების) მოგვარებაშია. ეკონომიკის სტიმულირებაზე და ამისთვის კონკრეტული თანხების მობილიზებაზე ან/და საგადასახადო სტიმულებზე საუბარი, მაშინ როცა არც კი იცი რა გაქვს გადასახდელი ვირუსის დასამარცხებლად უბრალოდ არასერიოზული საქციელია.

ვირუსის ღირსეულად დამარცხებისთვის დიდი ფასის გადახდა მოგვიწევს ყველას და თან არა მარტო რიცხვებში გამოხატული. პრობლემის გადადება გამოსავალი არ არის, თავისით არ გვარდება. რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო გაიზრდება ეს ფასი. კარგად უნდა გვესმოდეს რომ სხვა ჩვენს მაგივრად ამ ფასს არ გადაიხდის. ჩვენი გადასახდელია/მოსახდელია. ამ ვირუსს რომ დავამარცხებთ და #ჩვენდავამარცხებთ აი, მერე აქვს აზრი ყველაფერს.

მოკლედ, სანამ პანდემიის პირობებში გვიწევს ცხოვრება:

1 ნებისმიერი სტიმული, გაკეთებული ეკონომიკისთვის, არის, უბრალოდ, ფულის წყალში გადაყრა;
2 ნებისმიერი გეგმა ეკონომიკის სტიმულირებისათვის არის პოპულიზმი, გათვლილი ამომრჩეველზე;
3 ყველანაირი რესურსი, პირველ ყოვლისა, უნდა დაიხარჯოს მხოლოდ ვირუსის საფრთხის 0-მდე დასაყვანად და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ფიქრი, როგორ დაასტიმულირო ეკონომიკა.

პ.ს. ფისკალურ ღონისძიებებს რაც შეეხება, ყველაფერი შეიძლება გააკეთო, ფულიც კი შეიძლება, რომ დაარიგო, ოღონდ თუ დარწმუნებული ხარ, რომ ამას ვირუსის დამარცხებაში იხდი და არა ეკონომიკის სტიმულირებაში.

ზომები რაც ტარდება და გატარდება, არის სწორედ ის, რომ მოსახლეობას შეუმსუბუქდეს ამ ფასის გადახდა ვირუსთან ბრძოლაში.

ის რომ საშემოსავლო გადასახადს თუ შეამცირებ 2%_ით ან ბრუნვის გადასახადს 1%_იდან 0%_მდე ეს ეკონომიკას დაასტიმულირებს, ბიზნესს გადაარჩენს და ვირუსს გააქრობს – მხოლოდ პოპულიზმია”, – წერს ხუციშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები