კახა კალაძე: ხვალიდან საქართველოს მასშტაბით მიკროავტობუსების მომსახურება დროებით ჩერდება
საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში, ხვალიდან მიკროავტობუსების მომსახურება დროებით ჩერდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მოსახლეობას მუნიციპალური ტრანსპორტი, მეტრო და ავტობუსები მოემსახურება.
„როგორც საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა უკვე აცნობა, ხვალიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში, დროებით ჩერდება მიკროავტობუსების მომსახურება. მოგეხსენებათ, ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული იქნა სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე, ვინაიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობებიდან, მიკროავტობუსი, როგორც უფრო მცირე სივრცის მქონე სატრანსპორტო საშუალება, ვირუსის გავრცელებისთვის ყველაზე მომატებულ საფრთხის შემცველ ტრანსპორტად იქნა მიჩნეული).
იმის გათვალისწინებით, რომ ბაღებსა და სკოლებში სწავლება შეჩერებულია, შეზღუდულია მთელი რიგი სერვისების მიწოდება მოსახლეობისთვის და შესაბამისად, ქალაქში დღის მანძილზე ნაკლები ადამიანი გადაადგილდება, მუნიციპალური ტრანსპორტით-მეტროთი და ავტობუსებით შევძლებთ მოსახლეობის მომსახურებას“, – განაცხადა კალაძემ.