გიორგი გახარია: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა დღეს არ არის, ხვალ თუ ასეთი აუცილებლობა დადგება, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ
საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით დღეს საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ დგას.
როგორც გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, მთავრობას ამ ეტაპზე ყველა ინსტრუმენტი აქვს იმისთვის, რომ გამოწვევებს უპასუხოს.
„საგანგებო მდგომარეობა არ შესძენს მთავრობას ისეთ ინსტრუმენტებს, რომელიც დღეს არ გაგვაჩნია. შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს ყველა ინსტრუმენტი იმისთვის საჭირო, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ამ გამოწვევას ვუპასუხოთ და ასე გავაგრძელებთ. ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს მკაფიოდ, დღეს, დღევანდელი მონაცემებით, იმ ობიექტური რეალობითა და შეფასებით, რომელიც გვაქვს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა დღეს არ არის, ხვალ თუ ასეთი აუცილებლობა დადგება, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ეს არის მართვის პროცესი, როგორ ვებრძოლოთ ვირუსს. შესაბამისად, ყველა ინსტრუმენტი, რომელიც დღეს გვჭირდება ეფექტური ბრძოლისთვის, გვაქვს. როდესაც ეს ინსტრუმენტები დაგვიმთავრდება და აუცილებელი იქნება საგანგებო მდგომარეობა, ამ ნაბიჯსაც გადავდგამთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.