სასულიერო პირები დღეს თბილისის ქუჩებს აკურთხებენ
სასულიერო პირები, კორონავირუსის გამო, დღეს თბილისის ქუჩებს აკურთხებენ.
კურთხევის ცერემონია სამების ყოვლადწმინდა საკათედრო ტაძრიდან 13:00 საათზე დაიწყება.
ამის შესახებ პატრიარქის ბრძანება სამების საკათედრო ტაძარში მრევლს კვირას არქიდიაკონმა დემეტრემ (დავითაშვილი) გააცნო.
“მოგეხსენებათ, რა მდგომარეობაა დღეს ჩვენს ქვეყანასა და, ზოგადად, მსოფლიოში. ამიტომ სახელმწიფო იღებს გარკვეული სახის ზომებს. ეკლესიამაც გადაწყვიტა, რომ გარკვეული სახის ზომები მივიღოთ, რაც გამოიხატება ლოცვაში. ერთი ლოცვა დღეს შესრულდა 12:00 საათზე და უნდა დაირეკოს ზარები ყველა ტაძარში. ითქვას საერთო ლოცვით “მამაო ჩვენო” , “ღვთისმშობელო ქალწულო” და “მოწყალებისა კარი განგვიღე”. იგივე ლოცვები ყოველდღიურად უნდა იქნეს წაკითხული სამგზის. ასევე, ყოველდღიურად უნდა იყოს წაკითხული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელი, რომელიც იწყება ღვთისმშობლის კონდაკით – “ზესთამბრძოლისა ჩემისათვის და მოღვაწისა უძლეველისა”. ეს დაუჯდომელი უნდა იქნეს წაკითხული ყოველდღე თითოეული ჩვენგანის მიერ თავის კანონთან ერთად. ყოველი წირვის შემდეგ მოხდება ნაკურთხი წყლის სხურება ტაძრის გარშემო და მიმდებარე ქუჩებზე რომელი ქუჩები აკრავს ამა თუ იმ ტაძარს. ხოლო სამშაბათს, ზეგ სამების ტაძრიდან 13:00 საათისთვის დაიძვრება რამდენიმე მანქანა სხვადასხვა მიმართულებით და სამღვდელოების მიერ იკურთხება და ისხურება ქალაქის ძირითადი ქუჩები”, – განაცხადა არქიდიაკონმა დემეტრემ.