რუსუდან თევზაძე: მედიაში თუ საზოგადოებაში სიტყვათა წყობა „საგანგებო სიტუაციასთან” დაკავშირებით ერთმნიშვნელოვანი პანიკაა
“მინდა, დაგამშვიდოთ და პოპულარულ ენაზე მოგახსენოთ, თუ რას ნიშნავს საგანგებო სიტუაცია, მასში, როგორც პროცესში, საშიში და სახიფათო არაფერია, პირიქით – ისაა სწორედ მძიმე და ნეგატიური შედეგების სრულიად აცილების/პრევენციის, თუ შერბილების/მიტიგაციის შესაძლებელი მექანიზმი”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს “შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის” ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერი, განათლების ექსპერტი რუსუდან თევზაძე წერს.
“მედიაში თუ საზოგადოებაში ერთმნიშვნელოვანი პანიკაა სიტყვათა წყობა „საგანგებო სიტუაციასთან” დაკავშირებით!
მინდა, დაგამშვიდოთ და პოპულარულ ენაზე მოგახსენოთ, თუ რას ნიშნავს საგანგებო სიტუაცია. მასში, როგორც პროცესში, საშიში და სახიფათო არაფერია, პირიქით, ისაა სწორედ მძიმე და ნეგატიური შედეგების სრულიად აცილების/პრევენციის, თუ შერბილების/მიტიგაციის შესაძლებელი მექანიზმი.
სახელმწიფოში საგანგებო სიტუაცია არის იმგვარი გარემოება, როცა აუცილებელი ხდება გარკვეული ტიპის გადაუდებელი და რადიკალური ღონისძიებების გატარება. საგანგებო სიტუაცია გახლავთ ერთგვარი სამართლებრივი მოქმედების ჩარჩო დროსა და სივრცეში, რომლის დროსაც დასაშვები და მისაღები ღონისძიებების გატარება ქვეყანასა და მოსახლეობას ააცილებს უფრო მეტ გართულებასა და ესკალაციას.
საგანგებო სიტუაცია და მისი მართვა გულისხმობს, სახელმწიფოს მხრიდან ისეთი გეგმების არსებობას, რომლის დროსაც ხდება უფრო მარტივი, მოქნილი, კოორდინირებული, კომპლექსური თანამშრომლობა სამთავროობო, არასამთვრობო, მოხალისეთა და კერძო სექტორს შორის, ჯეროვანი და შედეგზე ორიენტირებული რეაგირების მიზნით.
საგანგებო სიტუაცია გახლავთ ის მდგომარეობა, რომლის დროსაც მასზე პასუხისმგებელ სამსახურებსა და პირებს ეკისრებათ გაძლიერებული და განსაკუთრებული დაცვის ვალდებულება მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით.
სულ ესაა, ჩემო ძვირფასო მოქალაქეებო, ამდენად, არ იდარდოთ, ყოველივე მხოლოდ თქვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის კეთდება, უბრალო პროფესიული ტერმინოლოგია ნუ შეგაშინებთ”, – წერს თევზაძე.