შს მინისტრის მოადგილემ შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების თანამშრომლებს 24-საათიანი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ – ნინო ცაციაშვილმა ტელეკომპანია „ტვ1“-ის გადაცემა „დღის ამბებში“ სტუმრობისას ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის მართვის საკითხებზე ისაუბრა და მოქალაქეებს მაღალი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
ასევე, უწყვეტი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების თანამშრომლებს:
„მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოქალაქეებს, რომ გამოიჩინონ, ერთი მხრივ, მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, რათა ერთიანად შევძლოთ იმ გამოწვევებთან გამკლავება, რაც გვაქვს დღეს ჩვენს ქვეყანაში და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, გლობალური გამოწვევაა ეს მოგეხსენებათ და, მეორე მხრივ, მინდა, რომ მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომლებიც მართლა 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და მუშაობენ იმისთვის, რომ თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს მაქსიმალურად დაცული“, – განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.