თეა წულუკიანი: დღეის მდგომარეობით, ქართულ საპატიმროებში ვირუსის არცერთი საეჭვო შემთხვევა არც პატიმრებსა და არც ჩვენს თანამშრომლებში დაფიქსირებული არ არის
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ქართულ საპატიმროებში კორონავირუსის არცერთი საეჭვო შემთხვევა არც პატიმრებსა და არც თანამშრომლებში დაფიქსირებული არ არის.
მისივე თქმით, ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის შემთხვევაში, ახალი პატიმარი პენიტენციურ დაწესებულებაში არ შედის და არ დაიშვება.
“შაბათ-კვირისა და ბოლო დღეების განმავლობაში გაიშალა ფართომასშტაბიანი მუშაობა პენიტენციური სისტემის ფარგლებში და ჩვენ სამ მიმღებ დაწესებულებაში – ქალთა დაწესებულება, გლდანის N8 დაწესებულება და ქუთაისის N2 დაწესებულება, რომლებიც ე.წ. მიმღები ციხეებია, ანუ არის დაწესებულებები, რომლებიც იღებენ ახალ შემოსასახლებელ პატიმრებს, ახალ დაკავებულებს, მედპერსონალი გავიყვანეთ ციხეების პერიმეტრის გარეთ და ამ ახალი პატიმრების შემოწმება ხდება ციხის შენობის გარეთ. დროებით, მედპუნქტები არის განთავსებული ციხეების შენობების გარეთ და, ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის შემთხვევაში, ახალი პატიმარი არ შედის და არ დაიშვება პენიტენციურ დაწესებულებაში იმისთვის, რომ იქ მყოფი მსჯავრდებულებისა და ბრალდებულების შესაძლო ინფიცირება ავიცილოთ თავიდან. დღემდე ამგვარი საეჭვო სიმპტომებით ახალ დაკავებული პიროვნება იყო 9, აქედან ყველა იქნა გარიდებული ციხის ტერიტორიას და მოთავსებული სამოქალაქო კლინიკებში. ყველა საეჭვო შემთხვევას უკვე ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტი და ეს ტესტი აღმოჩნდა უარყოფითი. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, ქართულ საპატიმროებში არცერთი საეჭვო შემთხვევა არც პატიმრებსა და არც ჩვენს თანამშრომლებში დაფიქსირებული არ არის”, – განაცხადა წულუკიანმა.