პირველი ქართული უნივერსიტეტი, რომელმაც ონლაინსწავლების პლატფორმა უკვე სრულად აამოქმედა, BTU გახდა
სამი საბაკალავრო და ერთი სამაგისტრო პროგრამა ონლაინრეჟიმში BTU-ში უკვე ამოქმედდა. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ონლაინსწავლების პლატფორმა 100%-ით აამუშავა.
როგორც BTU-ში განმარტავენ, უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ბაზა მძლავრია და უახლესი მაღალტექნოლოგიური აპარატურით არის აღჭურვილი. აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მაქსიმალური ჩართულობითა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ონლაინსწავლებაზე გადასვლა რთული არ აღმოჩნდა. დისტანციური ლექციები და სემინარები ვებინარის ფორმატში, სალექციო ვიდეო ჩანაწერები, სრულად გაციფრულებული სასწავლო მასალა, დისტანციურად შერულებადი სასემინარო აქტივობები – BTUში სწავლა სრული სვლით მიმდინარეობს.
დისტანციურად სწავლების დაწყებამდე, უნივერსიტეტის ონლაინპლატფორმა დემო რეჟიმში მუშაობდა. ჩატარდა სტუდენტებისა და ლექტორების ტრენინგები, გადამზადდა ადმინისტრაციული პერსონალი.
„დღეიდან ჩვენი სტუდენტები სრული დატვირთვით აგრძელებენ სწავლას. არცერთი კურსისა და არცერთი საგნის სტუდენტს სწავლის პროცესში პრობლემა არ შეექმნება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ონლაინსწავლების პლატფორმის დაუყოვნებლივ ამოქმედებით ჩვენ არა მხოლოდ კორონავირუსის გავრცელების რისკებისგან ვიზღვევთ თავს, არამედ უზრუნველვყოფთ იმასაც, რომ სასწავლო პროცესი ზაფხულის ცხელ თვეებში არ გაგრძელდეს. ეს უკანასკნელი სტუდენტებისთვის გარკვეულ პრობლემებს ქმნის, რისი თავიდან არიდებაც ჩვენ შევძელით”, – აცხადებენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ამ დროისთვის არ იციან, თუ რა პერიოდით გაგრძელდება ონლაინსწავლება, თუმცა უნივერსიტეტი მზადაა, აღნიშნულ ფორმატში მთელი სემესტრის განმავლობაში იმუშაოს. დისტანციურ რეჟიმში მუშაობის ხანგრძლივობა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზეა დამოკიდებული.
ამ დროისთვის ონლაინსწავლებაზე გადასვლის რეკომენდაცია საქართველოს ყველა უმაღლეს სასწავლებელს აქვს მიღებული.