მარინა ეზუგბაია: ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ შემოყვანილი პაციენტებიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა
კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმე და საყურადღებოა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
ეზუგბაიას განმარტებით, პაციენტს ყველა საჭირო კვლევა უტარდება და მისი მდგომარეობა კლინიკური მონაცემების შეჯერების შემდეგ გახდება ცნობილი.
„ჩვენთან ცენტრში არის 27 პაციენტი, ხუთი ახალი პაციენტი შემოვიდა, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე უცვლელია. ხუთი შემოსული პაციენტიდან ერთ-ერთი არის საყურადღებო. გუშინ პირველი დღე იყო, შეფასდა მისი კლინიკური მდგომარეობა ლაბორატორიულ მონაცემებთან ერთად, ამ შეფასებით, ერთ-ერთის მდგომარეობა უფრო, შედარებით მძიმეა. სადაც შესაძლებელია დადგეს დაავადების პროგრესირება, ჯერ ამაზე ვერაფერს ვიტყვით. დღეს მეორე დღეა, ჩატარდება კიდევ მასთან კვლევები. დინამიკაში მოხდება მისი სუბიექტური, ობიექტური და კლინიკური მონაცემების შეჯერება და შეფასება. ამ მონაცემების გათვალისწინებით, უკვე დინამიკაში შეგვიძლია ვთქვათ, დასტაბილურდა, პროგრესირებს თუ ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე დღე გვჭირდება, რომ ვთქვათ, სტაბილურია სიტუაცია თუ პროგრესირებს. ვნახოთ, ახალ პაციენტებთან მიმართებით კიდევ ორი დღე გვინდა, რომ გითხრათ, რა სიტუაცია იქნება მომავალში“,- განაცხადა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევაა დადასტურებული.