ივანე მაჭავარიანი: მთავრობის მიერ წარმოდგენილი ეკონომიკის მხარდაჭერის ღონისძიებები, დაახლოებით, მილიარდი ლარის ოდენობის სტიმულს იძლევა ფისკალური კუთხით

“დღეს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ეკონომიკის მხარდაჭერის ღონისძიებები, დაახლოებით, მილიარდი ლარის ოდენობის სტიმულს იძლევა ფისკალური კუთხით”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკის სტიმულირების გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ტურიზმის სექტორში არსებულ ბიზნესოპერატორებს საგადასახადო ვალდებულებების (საშემოსავლო და ქონების გადასახადების) გადავადება ოთხი თვის ვადით მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება სექტორისთვის. ფინანსთა მინისტრის თქმით, მიმდინარეობს დღგ-ის დაბრუნების პროცესი, თუმცა დამატებით მოხდება ძველი დღგ-ის ვალდებულებების დაფარვა.

„უშუალოდ ბიუჯეტის კუთხით, საუბარია 300 მილიონამდე გაზრდილ ინფრასტრუქტურულ ხარჯვაზე, რომელიც რეგიონებში განხორციელდება. საბოლოოდ, ის ყველაფერი, რაც დღეს გადავადდება გადასახადის სახით, ან მეტად დაიხარჯება ბიუჯეტიდან, ნებისმიერ შემთხვევაში, დაგენერირდება იმ მაღალი ეკონომიკური ზრდით, რომელიც შემდეგ, პოსტ-კრიზისულ პერიოდში გვექნება და ვიმედოვნებ, ეს ასეც იქნება. ეს ძალისხმევა მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ ჩვენი ეკონომიკა დაუბრუნდეს განვითარების ორგანულ ნიშნულს, რომელიც უკვე ბოლო რამდენიმე წელია მდგრადად გვიკავია 5%-ის მიდამოში. საბოლოოდ, ქართულმა ეკონომიკამ უნდა დააგენერიროს ის სტიმული, რომელსაც ჩვენ ამ მოკლევადიან პერსპექტივაში ვხედავთ”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზების შესაძლებლობებზე აქტიურად მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები