ნათია თურნავა: ქონებისა და საშემოსავლო გადასახადები გადაუვადდებათ იმ კომპანიებს, რომლებიც ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობას ახორციელებენ

“ქონებისა და საშემოსავლო გადასახადები ოთხი თვის განმავლობაში გადაუვადდებათ იმ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებს”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრმა კონკრეტულად ჩამოთვალა, რომელ საქმიანობებს შეეხება გადასახადების გადავადება.

„ეს არის მთლიანად საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ინდუსტრია, ეს არის ტურისტული სააგენტოები, სატრანსპორტო კომპანიები, საექსკურსიო საქმიანობა, კულტურული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორები და სხვა, ტურისტული ინდუსტრიის მომიჯნავე ინდუსტრია”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე განცხადებით, შეღავათი შეეხება 18 000 კომპანიას.

ნათია თურნავას თქმით, გადასახადების გადავადების საკითხი სწორედ ტურიზმის ინდუსტრიის მხრიდან დაისვა.

„მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ძალიან კონსტრუქციული დიალოგისთვის ტურიზმის სექტორს. საუბარი იყო არა რაიმეს პატიებასა და შემცირებაზე, ან რაიმე განსაკუთრებულ შეღავათზე, არამედ, სექტორს აქვს მოლოდინი, რომ რამდენიმე თვეში ეს გამოწვევა გადალახული იქნება, შესაბამისად, მათ გვთხოვეს გადასახადების გადავადება”, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, ეს, ერთი მხრივ, ტურიზმის სექტორს იმის საშუალებას აძლევს, რომ გაუმკლავდნენ ამ რთულ პერიოდს, და საკმარისი რესურსი დარჩეს თავად ამ დარგში, მიმდინარე ხარჯები და ტვირთი შეუმცირდეთ და ამავდროულად მოემზადონ იმ მომენტისთვის, როცა ტურისტული ბიზნესის მაღალი განვითარების დინამიკა აღდგება.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რამდენიმე თვეში აღდგება ჩვენი ტურისტული ბიზნესის მაღალი განვითარების დინამიკა. ეს იყო მათი თხოვნა, აბსოლუტურად კორექტულად დასმული, ვინაიდან ეს არის დროებითი გამოწვევა და ერთად ყველანი გადავლახავთ”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები