გიორგი გახარია: ვავალებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სრულ კოორდინაციაში ჯანდაცვის სამინისტროსთან, უზრუნველყოს თვითიზოლაციის ზუსტი წესების აღსრულების კონტროლი
“ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ადამიანები, რომლებიც პოტენციურად შეიძლება, იყვნენ ვირუსის მატარებლები, აქვთ გარკვეული ვალდებულება ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის წინაშე და თვითიზოლაციის რეჟიმის შესაბამისი დაცვა არის ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი დღეს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა, რომელსაც საკოორდინაციო საბჭო წააწყდა, ეს თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვაა.
„მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან თვითიზოლაციის რეჟიმში, მკაცრად დაიცვან ეს პირობები. ასევე, ვავალებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სრულ კოორდინაციაში ჯანდაცვის სამინისტროსთან, უზრუნველყონ ზუსტი და შესაბამისი წესების შესაბამისი აღსრულება იმ მოქალაქეების თვითიზოლაციის, რომლებიც განსაზღვრული არის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.