სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების ონლაინგანხილვა გამართა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გამართა.

კომისიამ კორონავირუსის გავრცელების რისკებთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები გაითვალისწინა, რის გამოც დაინტერესებულ მხარეებს საკითხების განხილვაში მონაწილეობის მიღების საშუალება ონლაინრეჟიმში, ვიდეოზარის გამოყენებით მიეცათ.

როგორც კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა განმარტა, საჯარო განხილვები კომისიის მუშაობის მნიშვნელოვანი ეტაპია, სადაც საზოგადოების წარმომადგენლებისა და დაინტერესებული მოქალაქეების მოსაზრებების გაზიარება და გათვალისწინება ხდება.

კომისიამ თბილისში მდებარე რამდენიმე ქუჩის, შესახვევისა და ჩიხისთვის, ასევე, სკვერისა და მოედნისთვის სახელების მინიჭების თაობაზე იმსჯელა; მათ შორის, დეპუტატებმა გლდანის, ნაძალადევისა და კრწანისის რაიონებში მდებარე უსახელო ქუჩისთვის, სპორტულ მოედნისა და სკვერისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების – გიორგი ბოთერაშვილის, პეტრე გამჯაშვილისა და ბახვა გოგოლაძის სახელების მინიჭებას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.

დღესვე საკრებულოს წევრებმა ივანე იუმაშევის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისა და მასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, გიორგი თარხნიშვილის სახელის მინიჭების შესახებაც იმსჯელეს.

გარდა ამისა, ისნის რაიონში, ციხისძირის ქუჩის მონაკვეთს, ციხისძირის V გასასვლელსა და დიდგორის II ჩიხს ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლის ზაურ მახარაშვილის სახელი მიენიჭა.

საჯარო განხილვის შედეგად, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, ტაბახმელას ველის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ ორ შესახვევს იუნკერის ნიკოლოზ კალანდარიშვილის სახელი ეწოდება, ხოლო ჩუღურეთის რაიონში მდებარე კოტე ხიმშიაშვილის ქუჩას კი დოდო და კოტე ხიმშიაშვილების სახელები დაერქმევა.

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები