მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია, მდგომარეობა არ უმჯობესდება, მაგრამ არც უარესდება

“გვყავს ერთი პაციენტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია, საბედნიეროდ, ჯერჯერობით, კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემებით, მდგომარეობა არ უმჯობესდება, მაგრამ არ უარესდება”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი პაციენტის შესახებ განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ხოლო დანარჩენი პაციენტებისა – მსუბუქი.

“ჯერჯერობით, რჩება უცვლელი სიტუაცია, გვყავს ერთი მძიმე პაციენტი. მისი მდგომარეობა სტაბილურია. საბედნიეროდ, ჯერჯერობით, კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემებით, მდგომარეობა არ უმჯობესდება, მაგრამ თვალხილულად, არ უარესდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტაბილური სიტუაციაა და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება. დანარჩენ შემთხვევებში გვაქვს 3 პაციენტის დადასტურებული პნევმონია, დაგვემატა ახლა კიდევ მე-4 პნევმონია, რომელთა მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. დანარჩენი პაციენტების ზოგადი მდგომარეობა არის მსუბუქი, გამოხატული სხვადასხვა კლინიკური ნიშნით და დაბალი ტემპერატურით“, – განმარტა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 23 შემთხვევა დასტურდება. გუშინ საქართველოში კორონავირუსით ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები