მარინა ეზუგბაია: ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის მქონე 20 პაციენტია მოთავსებული, დღეს 6 პაციენტზეა კორონავირუსის ტესტი ჩასატარებელი
“დღევანდელი დილის მონაცემებით ჩვენთან 41 პაციენტია მოთავსებული, ამ ეტაპზე, ჩვენთან 20 დადასტურებული შემთხვევის მქონე პაციენტი წევს”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს დილისთვის, ჯერჯერობით, კორონავირუსზე დიაგნოსტირების მიზნით მხოლოდ 6 პაციენტზეა ტესტი ჩასატარებელი.
“დღევანდელი დილის მონაცემებით, ჩვენ გვიწევს 41 პაციენტი. გუშინ დღე-ღამის განმავლობაში ორ ეტაპად ჩატარდა 29 პაციენტის გამოკვლევა, 28-თან უარყოფითი პასუხი მივიღეთ, მხოლოდ ერთის პასუხი იყო დადებითი. დღეს დილისთვის, ჯერჯერობით, მხოლოდ 6 პაციენტზეა ტესტი ჩასატარებელი.
ამ ეტაპზე, ჩვენთან 20 დადასტურებული შემთხვევის მქონე პაციენტი წევს. არის 4 წყარო: ერთი არის ირანის ისტორია, მეორე წყარო იტალიაა, მესამე წყარო ისევ იტალიის ერთ-ერთი ქალაქია, მეოთხე წყარო ესპანეთის იტორიაა.
ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური, მდგომარეობა არ უმჯობესდება, მაგრამ არ უარესდება.
დანარჩენების შემთხვევაში 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მეოთხე დაგვემატა, რომელსაც პნევმონია აღენიშნება, დანარჩენების კი მსუბუქია.
დაავადების გამოვლენიდან 13 დღის განმავლობაში მოსალოდნელია დაავადების პროგრესირება, რომელიც არ არის დამოკიდებული მხოლოდ ფორმალობაზე. შეიძლება, პაციენტი მკურნალობდეს, კარგად იყოს მოვლილი, მაგრამ შეიძლება, დაავადება პროგრესირდეს, ეს დამოკიდებულია პაციენტის იმუნურ სისტემასა და ინფექციაზე”, – განმარტა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 23 შემთხვევაა დადასტურებული.