მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის მქონე 14 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია და მკურნალობას ექვემდებარება
“კორონავირუსით ინფიცირებული 14 პაციენტიდან, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, ერთის მდგომარეობა კვლავ მძიმე, თუმცა სტაბილურია და მკურნალობას ექვემდებარება”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, დანარჩენი სამი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენების შემთხვევაში კი დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.
“ჩვენს ცენტრში 14 ინფიცირებულია მოთავსებული. მათგან, როგორც ვიცით, ერთი პაციენტი არის მძიმე მდგომარეობაში. საბედნიეროდ, გუშინდელი დღის განმავლობაში მისი მდგომაროება სტაბილურია, განსაკუთრებული პროგრესირება არ შეიმჩნევა, მკურნალობას ექვემდებარება და იმედი გვაქვს, ასე გაგრძელდება, არ გაგვიუარესდება მისი მდგომარეობა. სამ პაციენტთან არის საშუალო სიმძიმით მიმდინარეობა, მათთან დაფიქსირებულია ვირუსული პნევმონია, მართვა გრძელდება შესაბამისად და მათი მდგომარეობა სტაბილურია. დანარჩენ პაციენტებთან არის მსუბუქი მიმდინარეობა, მათთან გამოხატულია კლინიკა, ხან მხოლოდ დაბალი ცხელების სახით. თითოეულ მათგანს აქვს ხველა, სურდო ან ყელის ტკივილი. მათი მდგომარეობა დინამიკაში სტაბილურია. ამ დრომდე დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული.