ცესკო-ს თანამშრომლებს პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით ტრენინგი უტარდებათ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლები პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ტრენინგს გადიან. ტრენერთა ტრენინგი დღეს ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ და სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ გახსნეს.
როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, საარჩევნო პროცესის წარმატებით განხორციელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა, რომელიც ამ ორ უწყებას შორის არსებობს.
„დღეს არის უმნიშვნელოვანესი ტრენინგი პერსონალური მონაცემების გამოყენების თაობაზე საარჩევნო პროცესებში. მივიჩნევ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი საფუძველი და იქნება ძალიან კარგი ბაზა საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, რომ მათ პერსონალური მონაცემები მაქსიმალურად დაიცვან საარჩევნო პროცესებისა და საარჩევნო უფლების რეალიზაციის დროს. ეს თანამშრომლობა, ცხადია, იქნება იმის საწინდარი, რომ 2020 წლის საარჩევნო პროცესები წარმატებით განვახორციელოთ ერთობლივად და იყოს მაღალი სტანდარტის არჩევნები, სადაც თითოეული პირის პერსონალური მონაცემები იქნება დაცული და ამავდროულად საარჩევნო უფლებაც იქნება თავისუფალ გარემოში რეალიზებული“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ ტრენინგის გახსნისას.
ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ლონდა თოლორაიამ და განაცხადა, რომ, ვინაიდან 2020 წელი საარჩევნო წელიწადია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ცენტრალური საარჩევნო კომისია აქტიურად თანამშრომლობენ უკვე წლის დასაწყისიდან.
„ჩვენ დავგეგმეთ სხვადასხვა ტიპის აქტივობები, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გახლავთ დღეს – ვატრენინგებთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლებს საარჩევნო პროცედურების დროს პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით. ჩვენი თანამშრომლობის მიზანი გახლავთ ის, რომ საარჩევნო პროცესებში მაქსიმალურად იყოს დაცული ადამიანის უფლებები და ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემები“, – განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორმა.
ორდღიან ტრენინგზე მონაწილეები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს გაივლიან, როგორებიცაა: პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება, მონაცემთა დამმუშავებლის ზოგადი ვალდებულებები, საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პერსონალური მონაცემების დაცვის ურთიერთმიმართება, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ინსპექტორის გადაწყვეტილებების მიმოხილვა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ზოგადი მიდგომები/ რეკომენდაციები და ა.შ.
აღნიშნული ტრენინგი მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლებას და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებთან მიმართებაში.
საარჩევნო ადმინისტრაციის 24 თანამშრომელი, რომლებიც ტრენინგს გაივლიან, მოგვიანებით მიღებულ ცოდნას საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს გაუზიარებენ.
თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივი ღონისძიებების შესახებ ლონდა თოლორაია და თამარ ჟვანია ჯერ კიდევ წლის დასაწყისში შეთანხმდნენ; პირველი ტრენინგი ცესკოს თანამშრომლებისთვის თებერვალში გაიმართა.