მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, სტაბილური
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, სტაბილური.
მისი ინფორმაციით, მას ფილტვების ორმხრივი პნევმონია აქვს და შესაბამისი მკურნალობა უტარდება, დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია.
„პირველი სამი პაციენტის მდგომარეობა მეტნაკლებად სტაბილურია, ჯერჯერობით არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება, მეოთხე პაციენტი, რომელიც შემოვიდა ჩვენთან და მას მძიმედ გამოხატული კლინიკა ჰქონდა, ჯერჯერობით მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, სტაბილური. ცხელება ჯერჯერობით გრძელდება. რენდგონოლოგიურად მასთან პნევმონიის ნიშნები არ შეინიშნებოდა, მაგრამ პირველივე დღიდან მისი სიმძიმე შეფასებული იქნა, როგორც მაინც ფილტვის ანთება და დაწყებულ იქნა შესაბამისი მკურნალობა და დინამიკაში ცხელების გახანგრძლივების გამო ჩატარდა გულ-მკერდის კომპიუტერული კვლევა, რომელმაც დაადასტურა, რომ აქ არის ორმხრივი პნევმონია. მდგომარეობა მართვას ექვემდებარება ჯერჯერობით, კლინიკო-ლაბორატორიული მონაცემებით მასთან არის ცვლილებები, მაგრამ მათი კორეგირება ამ ეტაპზე შესაძლებელია და ჩვეულებრივ მას მკურნალობა უგრძელდება. დანარჩენი ყველა პაციენტის მდგომარეობა მსუბუქი მიმდინარეობით ვლინდება. ეს ნიშნავს, რომ ზოგთან ცხელება გვაქვს დაბალი 37-დან 37.4-მდე, ზოგთან იშვიათი ხველა გვაქვს, ზოგთან სხვა გამოვლინება და კლინიკო-ლაბორატორიული მონაცემებით ყველასთან შეინიშნება ერთი-ორი ნიშანი ცვლილების რომელიც მეტ-ნაკლებად დინამიურად არ ღრმავდება და არ უარესდება. ამ ეტაპზე ჩემთან წევს 12 პაციენტი“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 13 შემთხვევა დასტურდება.