ალექსანდრე ხვთისიაშვილი: საქართველოს მთავრობა ყველა მოქალაქეს მიხედავს და მიაქცევს ყურადღებას
“იტალიიდან საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება მოხდება თვითმფრინავით, დიდი ალბათობით რომიდან. ჩვენ ვმუშაობთ ეკონომიკის, ჯანდაცვის სამინისტროებთან, საჰაერო ავიაციის დეპარტამენტთან, აეროპორტების გაერთიანებასთან, რათა რაც შეიძლება მალე მოხდეს თვითმფრინავის გაგზავნა იტალიის მიმართულებით, რომ ჩვენი მოქალაქეები ჩამოვიყვანოთ”,-ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, იტალიაში საქართველოს საელჩოს ყველა თანამშრომელი 24-საათიან განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს.
შეიქმნა სპეციალური ელ.მისამართი და გავრცელდა განცხადება, სადაც საქარველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებსაც უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ქონდათ შეძენილი ან დაჯავშნილი ბილეთები, რომელიც ფრენების შეჩერების გამო გაუქმდა, უნდა მიმართონ საქართველოს საელჩოს რომში, რათა მოხდეს ყველა ასეთი პირის იდენტიფიცირება და მათი საქართველოში დაბრუნება. აუცილებელია მოქალაქეებმა მისამართზე hotline.rome@mfa.gov.ge გააგზავნონ პასპორტის და ბილეთის ჯავშნების ასლები.
“დღევანდელი მდგომარეობით, შემიძლია გითხრათ, რომ მთელი ღამის განმავლობაში იმუშავა ჩვენმა საკონსულო სამსახურმა, საელჩომ. ამ ეტაპზე გვყავს 95 ადამიანი, მაგრამ მონაცემები იცვლება, რომელმაც წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია შესაბამის ელ.მისამართზე, მოხდა დაკავშირება ამ ადამიანებთან, მათ ესაუბრნენ საელჩოს თანამშრომლები და შესაბამისად ამ ადამიანების ჩამოყვანას ვგეგმავთ უახლოეს დღეებში”,-განაცხადა ხვთისიაშვილმა.
მინისტრის მოადგილემ, ამჟამად იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა რეისებიც გაუქმდა, თხოვნით მიმართა, რომ სიფრთხილით მოეკიდონ შექმნილ ვითარებას და ხელს ნუ შეუწყობენ დამატებითი მღელვარების დათესვას. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ყველა მის მოქალაქეს ყუარდღებას მიაქცევს და მიხედავს.
“ერთი თხოვნა მაქვს და მინდა ხაზი გავუსვა შემდეგს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანთან მოხდა კომუნიკაცია, ჩვენ დღეს დილით შევიტყვეთ და ვნახეთ, რომ ადამიანები, რომლებიც დარჩნენ იქ რეისების გაუქმების გამო, გამოხატავენ შიშს, რომ მათ არ მიხედავს სახელმწიფო და მთავრობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის შექმნილი იმეილის მისამართი, რომელზეც ეს ადამიანები აგზავნიან თავის მონაცემებს. როგორც კი მონაცემებს იღებს საელჩო, მათ უკან ეგზავნებათ შეტყობინება, რომ მონაცემები არის მიღებული და უახლოესი პერიოდის განმავლობაში, მათთან მოხდება კომუნიკაცია. დღევანდელ დღეს, 95 ადამიანთან მოხდა კომუნიკაცია, 95-ივე ადამიანი არის კონტროლის ქვეშ. მომავალში, თუ ვინმე დააპირებს დარეკვას და გამოგზავნის ინფორმაციას ჩვენს იმეილზე, იყავით დარწმუნებული, რომ საქართველოს საკონსულო და საელჩო იტალიაში, დაგიკავშირდებათ უახლოესი პერიოდის განმავლობაში. ნუ ინერვიულებთ, საქართველოს მთავრობა ყველა მის მოქალაქეს მიხედავს და მიაქცევს ყურადღებას”, -განაცხადა ხვთისიაშვილმა.
შეგახსენებთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით იტალიის რესპუბლიკაში მყოფი ის მოქალაქეები, ვინც იტალიასთან რეისების გაუქმების გამო, ვეღარ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას და ბილეთები ქონდა შეძენილი მომდევნო კვირებში, მათ წამოყვანას სამშობლოში საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.