ჭიათურაში მამაკაცს შვილის თანდასწრებით მეუღლეზე ძალადობისთვის პატიმრობა შეეფარდა
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
“საჩხერის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის ბრალდებულ შ.ლ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 4 მარტს, ქ.ჭიათურაში, შ.ლ.-მ ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლის – მ.რ.-ს მიმართ, ხელი დაარტყა სახისა და თავის არეში და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
სამართალდამცველებმა შ.ლ. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მალევე დააკავეს”, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
შ.ლ.-ს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126’ მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 11’-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.