მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აშენება მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტად რჩება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აშენება ქვეყნისათვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტად რჩება.
“ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს სატენდერო შეთავაზების ახალ პირობებზე. ასევე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მზადაა, რომ ჩაერთოს ამ პროცესში, რათა მომავალში გაიოლდეს ინვესტორის მოძიება. გზების დეპარტამენტის კონტრაქტორმა კომპანიამ დაასრულა საპროექტო სამუშოები და, ახალი ინვესტორის გრაფიკის შესაბამისად, დაიგეგმება იმ საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც ანაკლიის პორტს ჩვენს მაგისტრალებს დააკავშირებს,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა, რომელიც დღეს დეპუტატების წინაშე „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა, თუმცა, სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობის გამო, მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ხელშეკრულება შეუწყვიტა.