საქართველოს 6 ქალაქისთვის EBRD-ი 175 ავტობუსის შეძენას დააფინანსებს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა EBRD-ის რეგიონულ დირექტორ კატარინა ბიორლინ ჰანსენსთან ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტები განიხილა.
განხილვის ერთ-ერთი თემა იყო საქართველოს 6 მუნიციპალიტეტისთვის ავტობუსების შეძენის საკითხი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, 175 ერთეული ავტობუსის შესყიდვას გეგმავს.
პროექტი ითვალისწინებს ქუთაისის, გორის, თელავის, ზუგდიდის, რუსთავისა და ფოთისათვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსების შესყიდვას. პროგრამას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს და მისი ჯამური ღირებულება 17 მლნ ევროა.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი ორ ლოტად გამოცხადა. პირველი ლოტით გათვალისწინებულია 117 რვანახევარმეტრიანი ავტობუსის, ხოლო მეორე ლოტით – 58 ათმეტრიანი ავტობუსის შეძენა. პროექტის ფარგლებში გორს – 30, ზუგდიდს – 25, რუსთავს – 40, ქუთაისს – 60, ხოლო თელავსა და ფოთს 10-10 ავტობუსი გადაცემა.
ამას გარდა, EBRD-ის დაფინანსებით, კურორტ ბაკურიანში მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალური განვითარების ფონდი სპეციალურ ტექნიკას შეიძენს. ესაა – თოვლის სატკეპნი მანქანები სათხილამურო ტრასებისთვის, ექსკავატორ-დამტვირთველები, თვითმცლელები, ავტობუსები, ნაგავშემკრები მანქანა და სხვ.