ინდონეზიის მთავრობა კორონავირუსით დაავადებულებს უკაცრიელ კუნძულზე გადაიყვანს
ინდონეზიის მთავრობამ Covid-19-თან საბრძოლველად გადაწყვიტა, ინფიცირებული პაციენტები კუნძულ გალანგზე გადაიყვანოს, სადაც ადრე ვიეტნამელი ლტლოვილების ბანაკი მდებარეობდა.
ამჟამად, ეს ადგილი უკაცრიელია და მხოლოდ ტურისტული დანიშნულება აქვს. ხელისუფლება გეგმავს, ყოფილი ბანაკი საავადმყოფოდ გადააკეთოს, სადაც კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს უმკურნალებენ.
გეგმის მიხედვით, საავადმყოფო შეძლებს 1000 პაციენტის მიღებას, იქვე იქნება საიზოლაციო ზონაც გაკეთებული. ინდონეზიის ჯარის სარდლის, საავაიაციო მარშალ ჰადი ტიაჰჯანტოს თქმით, სულ შენობაში 50 იზოლატორი იქნება, რადგან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოითხოვს, რომ საავადმყოფოს 2 %-ს სწორედ იზოლატორები უნდა იკავებდეს.
საზოგადოებრივი სამუშაოებისა და საბინაო მშენებლობის მინისტრის, ბასუკი ხადიმუჟონოს თქმით, მშენებლობა ერთი თვის განმავლობაში დასრულდება.
ამჟამად, ინდონეზიაში კორონავირუსით დაინფიცირების 19 შემთხვევა დაფიქსირდა.