ბექა ნაცვლიშვილი: მთავრობამ კომპანია „ფრონტერას“ თანამშრომლების ხელფასების კომპენსირება უნდა დაიწყოს
“საქართველოს მთავრობამ კომპანია „ფრონტერას“ 86 თანამშრომელი „გადააგდო“, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობამ თანამშრომლები გაწირა და საარჩევნო სისტემისთვის უფრო უკეთესი გარემო შეიქმნა.
„საქართველოს მთავრობამ კომპანია „ფრონტერას“ 86 თანამშრომელი „გადააგდო“. მთავრობა რამდენიმე სენატორის წერილსა და შენიშვნებს დაემორჩილა იმის სანაცვლოდ, რომ მათი მხრიდან საარჩევნო სისტემაზე უფრო მეტი მწვავე კრიტიკა არ წამოსულიყო. მათ, საქართველოს სასამართლოში შეტანის მიზნით, სარჩელი ჰქონდათ მომზადებული, რომლის საფუძველზეც, კომპანიაში საქმის მწარმოებელი ნავთობისა და გაზის კომპანია იქნებოდა და არა – „ფრონტერას“ მენეჯმენტი. ნავთობისა და გაზის კომპანიისთვის, როგორც მართვის 50-პროცენტიანი წილის მფლობელისთვის, შესაძლებელი იქნებოდა, დროებით მენეჯმენტში შესვლა, ნავთობის ამოყიდვა და, შესაბამისად, თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდა. მთავრობამ სხვა გზა აირჩია, თანამშრომლები გაწირა და საარჩევნო სისტემისთვის უკეთესი გარემო შეიქმნა. სამწუხაროდ, ეს არის მთავრობისა და მთელი პოლიტიკური სპექტრის კოლონიალური დამოკიდებულება და ცნობიერება, რომელიც რაც წინ ვერ წაგვიყვანს“, – აღნიშნავს ნაცვლიშვილი.
ნაცვლიშვილი საქართველოს მთავრობას მიმართავს, უზრუნველყოს, „ფრონტერაში“ ყველა დასაქმებული პირისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნება, რადგან მათი ბედი გაურკვეველია.
„ისინი გაფიცულები არიან, ამის გამო, „ფრონტერას“ მენეჯმენტმა ისინი სამსახურიდან დაითხოვა და არ არის გარანტირებული, რომ მათ სამსახურში ისევ დააბრუნებენ. მეორე მხრივ, მთავრობის უმოქმედობის გამო, ეს ადამიანები 14 თვეა, ხელფასს ვერ იღებენ, აქვთ ბანკის ვალები, მათი ოჯახები, სიცივის გამო, ნათესავებთან ცხოვრობენ, მთავრობა კი დუმს. მთავრობამ მათი ხელფასების კომპენსირება უნდა დაიწყოს და უზრუნველყოს მათი ოჯახების ელემენტარული პირობების დაკმაყოფილება“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.