გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ესტონეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ და აშშ-მ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული კიბერთავდასხმები დაგმეს

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერთავდასხმების საკითხი განხილეს.

სხდომაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, ესტონეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, აგრეთვე, საბჭოს სხვა წევრებმა გასული წლის 28 ოქტომბერს საქართველოს მთავრობისა და მედია საშუალებების წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ განხორციელებული კიბერ-თავდასხმები დაგმეს.

„რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის (გრუ) მიერ ორგანიზებული კიბერ ოპერაციების მიზანი განხეთქილების დათესვა და საქართველოს რიგითი მოქალაქეების ცხოვრების მოშლა იყო”, – ნათქვამია სხდომის შემდეგ ესტონეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს წარმომადგენლების მიერ პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, „ეს კიბერშეტევები ნაწილია იმ მტრული და დესტაბილიზაციის გამომწვევი გრძელვადიანი კამპანიისა, რომელსაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებს”. ამასთან, ამგვარი ქმედებები ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობას, საკუთარი თავი კიბერსივრცის პასუხისმგებლიან აქტორად წარმოაჩინოს და მთელი რიგი ქვეყნების წინააღმდეგ გრუ-ს თავზეხელაღებული კიბერთავდასხმების უწყვეტ სქემას ააშკარავებს.

საგულისხმოა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერთავდასხმები, როგორც ცალკე საკითხი, უშიშროების საბჭოზე პირველად განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები