მარინა ეზუგბაია: კორონონავირუსით დაინფიცირებული მეოთხე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმე, მაგრამ სტაბილურია
“ჩვენს ცენტრში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა გამოვლინდა, განსხვავებით წინა სამი შემთხვევისგან, ამ პაციენტის მდგომარეობა უფრო მძიმეა, დაწყებულია მკურნალობა”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, დანარჩენი სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
“დღეს დილის მონაცემებით, ჩვენს ცენტრში არის 25 პაციენტი, აქედან თერთმეტს დღეს აეღება ტესტირება ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით. გუშინ 21 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება ამ ვირუსზე, 20-თან მივიღეთ უარყოფითი პასუხი, მხოლოდ ერთ პაციენტთან დადასტურდა ეს დაავადება. ანუ ეს არის ჩვენს ცენტრში დაავადების მეოთხე შემთხვევა. განსხვავებით იმ სამი შემთხვევისგან, ამ პაციენტის მდგომარეობა უფრო მძიმეა, რაც ნიშნავს იმას, რომ კლინიკურად უფრო მძიმე ფორმაა. დაავადება გამოვლინდა ტემპერატურის მატებით, მაღალი 38 ნახევარზე მეტი და შედარებით მძიმე კლინიკით. ლაბორატორიებით დადასტურებულია, დაწყებულია მკურნალობა, მდგომარეობა კვლავ მძიმეა, მაგრამ სტაბილური.
რაც შეეხება დანარჩენ სამს – მათი მდგომარეობა სტაბილურია. დაავადება, ჯერჯერობით, არ პროგრესირებს და იმედია, ასე დამთავრდება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, დღეს კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დადასტურდა.