კომუნიკაციების კომისია ბავშვებს ინტერნეტში საფრთხისშემცველი ინფორმაციისგან დაიცავს

კომუნიკაციების კომისიამ, ინტერნეტში ბავშვებისა და მოზარდების საფრთხისშემცველი ინფორმაციისგან დაცვის მიზნით, დებულება დაამტკიცა და საფრთხისშემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების წესები განსაზღვრა. კომისიის გადაწყვეტილებით, ინტერნეტში ბავშვების დაცვის მიზნით, განისაზღვრა ვალდებულებები როგორც ინტერნეტპროვაიდერი კომპანიების, ისე – ვებგვერდების მფლობელი კომპანიების მიმართ. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 1-ელი ივნისიდან შევა.

კომუნიკაციების კომისია 1-ელი ივნისიდან მშობლებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი შვილები ონლაინსაფრთხეებისგან დაიცვან. მოგეხსენებათ, რომ მსგავსი ტიპის საფრთხეების შეფასებასა და შემცირებაში უპირატესი როლი სწორედ მშობელს აკისრია. იმისთვის, რომ მშობელს საფრთხეების შემცირების ეფექტური მექანიზმი ჰქონდეთ, ერთი მხრივ, ინტერნეტპროვაიდერ კომპანიებს დაეკისრათ ვალდებულება, შეიმუშაონ ისეთი მექანიზმები, რომელთა საფუძველზეც ექნებათ შესაძლებლობა კონკრეტული (აბონენტის) მშობლის მოთხოვნით, შეზღუდონ ისეთ ვებგვერდებზე წვდომა, რომლებიც საფრთხისშემცველია ბავშვებისთვის.

მეორე მხრივ, კომისიამ ვებგვერდების მფლობელ კომპანიებს დააკისრა ვალდებულება, საკუთარ ვებგვერდებს მიანიჭონ შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდება, კერძოდ, რომელი ასაკობრივი კატეგორიისთვისაა განკუთვნილი მათ ვებგვერდზე განთავსებული აუდიო-ვიზუალური პროდუქცია.

ინტერნეტში, ბავშვების მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, კომუნიკაციების კომისია უზრუნველყოფს ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი ინტერნეტ ვებგვერდების სპეციალური სარეიტინგო სიის შედგენასა და საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებას, აღნიშნული სია ინტერნეტპროვაიდერი კომპანიების მიერ განახლდება კვირაში ერთხელ.

გარდა ამისა, კომუნიკაციების კომისია ბავშვებისა და მოზარდების ინტერნეტში უსაფრთხოდ ნავიგაციისთვის დამატებით საკუთარი ინიციატივით, შემთხვევით შერჩევის პრინციპით, განახორციელებს ინტერნეტ ვებგვერდების მონიტორინგს, იმისთვის, რომ დამატებითი ფილტრი შექმნას და გააკონტროლოს რამდენად ჯეროვნად ასრულებენ კომპანიები საკუთარი ვალდებულებებს.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისია, ბავშვებისა და მოზარდების მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, მედიაწიგნიერების განვითარების ფარგლებში, მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. სწორედ ბავშვების, მშობლებისა და პედაგოგების ცნობიერების ამაღლებისა და ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, როგორიც კრიტიკული აზროვნება და შემოქმედებითობაა, კომუნიკაციების კომისიამ 2019 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ევროპული გამოცდილებისა და წარმატებული პრაქტიკის გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესი პროექტები განახორციელა. მედიაწიგნიერების პროექტები მომავალშიც აქტიურად განხორციელდება.

ინტერნეტში ბავშვისათვის საფრთხისშემცველი ინფორმაციის განთავსების წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელი სამართალდამრღვევს ეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 144​11 მუხლის შესაბამისად.

კომუნიკაციების კომისიამ, ინტერნეტში ბავშვებისა და მოზარდების საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან დაცვის მიზნით, დებულება პარლამენტის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე დაამტკიცა.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები