აკაკი ზოიძე: თუ ისე წავიდა ეს ინფექცია, როგორც სხვა კორონავირუსები, უნდა ველოდოთ, რომ, თბილი ამინდების დადგომასთან ერთად, გავრცელების საფრთხე დაიკლებს

“დღეს საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ სამი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, თვითონ ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ინფექციის ეპიდაფეთქების შეკავებისთვის ადეკვატური ზომები გატარდა”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა.

როგორც ზოიძემ აღნიშნა, ჯერჯერობით, ქვეყანაში ვირუსის შიდა გადაცემის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

„დღეს მხოლოდ სამი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, თვითონ ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ინფექციის ეპიდაფეთქების შეკავებისთვის ადეკვატური ზომები გატარდა. როგორც კი დაფიქსირდა შემთხვევები, იმის შემდეგ საკამოდ ნელი ტემპით ხდება გავრცელება. კვირაზე მეტია, რაც დაფიქსირდა პირველი შემთხვევა. სხვა ქვეყნების მაგალითს თუ ნახავთ, იქ ერთი კვირის განმავლობაში საკმაოდ მაღალი ტემპით ხდებოდა შემთხვევების გამრავლება, ადგილზე გადაცემა. ჩვენთან დღესდღეობით შიდა გადაცემის ფაქტი, ქვეყნის შიგნით, საზოგადოებაში, ერთი მოქალაქიდან მეორეზე გადაცემის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ჩემი აზრით, გარკვეული უწყებების ჩართვა ამ პროცესში დაგვიანდა, თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს და დღეს ვხედავთ, რომ ყველა ეს უწყება ჩართულია, შეიქმნა მუნიციპალური შტაბები.

საკმაოდ დროული გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ არდადეგები გახანგრძლივდა და დაიწყო შედარებით ადრე, რომ თავიდან ავიცილოთ გავრცელება.

ჩემი აზრით, დაავადებათა კონტროლისა და ჯანდაცვის დაწესებილებების გარდა, შესაბამისი უწყებების ჩართულობა შეიძლებოდა. შეიძლება, ეს იყო გაკეთებული უყებათშორისი კომისიის ფარგლებში, მაგრამ მოსახლეობისთვის ეს ინფორმაცია არ იყო მიწოდებული, რამდენად ადრე ჩაერთნენ ეს უწყებები რეაგირებაში. ვიდრე მოხდება პირველი შემთხვევა, ყველა უწყება უნდა იყოს ჩართული რეაგირებაში. ვისურვებდი კიდევ უფრო მეტ კომუნიკაციას არა მარტო დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან, რომელიც საკმარის ინფორმაციას გვაწვდის, არამედ –  სხვა უწყებიდან იმ ზომებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მაგალითად, ეკონომიკას, რამდენად ნეგატიური ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს”, – განაცხადა ზოიძემ.

მისივე თქმით, უნდა ვიყოთ შეშფოთებული, ვიყოთ ფრთხილად, თუმცა, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„საფრთხე არის ის, რომ ეს არის ახალი ვირუსი და შემდგომი მუტაცია არ განიცადოს, რომ უფრო საშიში არ გახდეს ადამიანებისთვის. დღეს მაღალი რისკის ქვეშ არიან ხანდაზმულები, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აქვთ. თუ ისე წავიდა ეს ინფექცია, როგორც სხვა კორონავირუსებისა და რესპირატორული ინფექციები, უნდა ველოდოთ, რომ, თბილი ამინდების დადგომასთან ერთად, გავრცელების საფრთხე მნიშვნელოვნად დაიკლებს.

ასე შევაჯამებდი: უნდა ვიყოთ შეშფოთებული, გაფრთხილებული. განსაკუთრებით ჩვენი ხანდაზმული მოქალაქეების, ოჯახის წევრების მიმართ, მაგრამ პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არის“, – განაცხადა ზოიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში, ამ დროისთვის, კორონავირუსით ინფიცირების 3 შემთხვევაა დადასტურებული.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები