ამირან გამყრელიძე: ჩინეთთან გვქონდა კომუნიკაცია, მათ კორონავირუსთან ბრძოლის უზარმაზარი გამოცდილება დაუგროვდათ
“დილით გვქონდა პირდაპირი ტელე-კონფერენცია ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოდან ჩინეთთან, რომელიც მოაწყო ჩინეთის ჯანმრთელობის სამინისტრომ საელჩოების მეშვეობით და ჩართული იყო რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის – საქართველოც, ორი ძალიან საინტერესო პრეზენტაცია ჩატარდა”, – ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ჩინეთს კორონავირუსთან ბრძოლის უზარმაზარი გამოცდილება დაუგროვდა, ამიტომ პირდაპირი ტელე-კომუნიკაციები გაგრძელდება.
“დილით გვქონდა პირდაპირი ტელე-კონფერენცია ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოდან ჩინეთთან, რომელიც მოაწყო ჩინეთის ჯანმრთელობის სამინისტრომ საელჩოების მეშვეობით და ჩართული იყო რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის – საქართველოც. გაკეთდა ორი ძალიან საინტერესო პრეზენტაცია ჩინეთის მეცნიერების მიერ, ერთი ეხებოდა ეპიდსიტუაციას და მათ მიერ გატარებულ ღონისძიებებს, მეორე კი – მკურნალობის კლინიკურ საკითხებს. ჩვენ მიერაც ბევრი შეკითხვა იქნა დასმული და მათზე პასუხები გაცემულ იქნა. შევთანხმდით, რომ ასეთი ბილატერალური კონფერენციები ჩინეთთან გაგრძელდება. მოგეხსენებათ, ჩინეთს ამ ორი თვის განმავლობაში უზარმაზარი გამოცდილება დაუგროვდა, ეს გამოცდილება ყველამ უნდა გავითვალისწინოთ”, – განაცხადა გამყრელიძემ.