საბერძნეთის სანაპირო დაცვამ მიგრანტების მიმართულებით ცეცხლი გახსნა
საბერძნეთის სანაპირო დაცვამ მიგრანტების ნავის მიმართულებით ცეცხლი გახსნა, რათა არ დაეშვა მათ მიერ თურქულ-ბერძნული საზღვრის გადაკვეთა. აღნიშნულ ვიდეოს BBC ავრცელებს.
თავდაპირველად ჩანს, რომ ბერძნები ჯოხებით ცდილობდნენ მიგრანტთა ნავის თურქეთში მიბრუნებას, შემდგომში მათ ჰაერში ისროლეს, მერე კი უშუალოდ მიგრანტებს დაუმიზნეს.
გარდა ამისა, კუნძულ ლეზბოსზე მიგრანტებს უკმაყოფილო მკვიდრები დახვდნენ შეძახილებით – „წადით!“.
ცნობისთვის, სირიულ იდლიბში შექმნილი სიტუაციის გამო, სადაც მიმდინარეობს სამხედრო კონფლიქტი თურქეთსა და სირიას შორის, თურქეთმა ლტოლვილებს ევროკავშირთან საზღვარი გაუხსნა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთში 3.7 მილონი ლტოლვილია და ქვეყანა ვერ უმკლავდება მიგრანტთა ახალ ნაკადებს. ასევე, ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის სასაზღვრო დაცვის სააგენტო Frontex-ი 1500 ოფიცერს გააგზავნის საბერძნეთის საზღვაო საზღვრის დასაცავად.