ვახტანგ მახარობლიშვილმა ბულგარელ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა  ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილება.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ბულგარელ ხალხსა და ქვეყნის მთავრობას ეროვნული დღესასწაული მიულოცა და მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

ვახტანგ მახარობლიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბულგარეთი არის ევროკავშირისა და ნატო-ს აქტიური წევრი სახელმწიფო და დიდ როლს თამაშობს ევროპული ღირებულებების განმტკიცებაში.

მან ისაუბრა საქართველო-ბულგარეთის ნაყოფიერ ურთიერთობებზე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში და აღნიშნა, რომ ისინი ურთიერთპატივისცემასა და ისტორიულ მეგობრობას ეფუძნება.

ვახტანგ მახარობლიშვილმა კმაყოფილებით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების დინამიკური ზრდის პოზიტიური ტენდენციაც და ხაზი გაუსვა ბოლო წლების მანძილზე ჩატარებულ მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების მნიშვნელობას.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა ეკონომიკის სფეროში კავშირების გაძლიერების აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე წელია, ბულგარეთი სტაბილურად შედის საქართველოს ათ მთავარ სავაჭრო პარტნიორს შორის.

„ჩვენ მადლიერნი ვართ ბულგარეთის რესპუბლიკის მიმართ განვითარების სფეროში თანამშრომლობის პროგრამის მხარდაჭერისთვის, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა მრავალი დაფინანსებული პროგრამა, განსაკუთრებით –  განათლების, სოფლის მეურნეობის, ადამიანის უფლებებისა და სხვა სფეროებში”, – აღნიშნა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ბულგარეთის შავი ზღვის რეგიონში გეოგრაფიული კავშირების მნიშვნელობას და ყურადღება გაამახვილა ამ კუთხით ტურიზმის, სატრანსპორტო, ენერგეტიკისა და სხვა სფეროებში არსებულ მაღალ პოტენციალზე.

მისასალმებელი სიტყვის დასასრულ, ვახტან მახარობლიშვილმა ბულგარეთს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაში შეტანილი წვლილისთვის.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები