ლაგოდეხელმა ახალგაზრდებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში იმიტირებული პროცესი გამართეს
სამართლის სპეციალობით დაინტერესებულმა ლაგოდეხელმა ახალგაზრდებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში იმიტირებული პროცესი გამართეს.
სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში ვიზიტს წინ უძღვოდა რამდენიმედღიანი ინტენსიური სწავლება ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის, ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტის, მოწმეთა დაკითხვის წესების და პროცესთან დაკავშირებულ სხვა საკითხების ირგვლივ.
სწავლების პერიოდშივე, ფარული კენჭისყრით გადაწყდა, პროექტის მონაწილე ახალგაზრდები პროცესის რომელ მხარეს დაიკავებდნენ.
იმიტირებული სასამართლო და თემატური ტრენინგკურსი “ზამთრის სკოლა 2020”-ის ფარგლებში ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის, გურამ მაჭარაშვილის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის ჯონდო მდივნიშვილის მხარდაჭერით ჩატარდა, რომელსაც ორგანიზება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სპეციალობის მაგისტრმა, მაიკო გელაშვილმა გაუწია.
პროცესის მონაწილეებს დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა სერთიფიკატები გადასცა. პროცესის დაწყებამდე მართლმსაჯულების სკოლის მონაწილეებმა უზენაესი სასამართლოს მუზეუმი დაათვალიერეს. ახალგაზრდები სისხლის სამართლის პალატის წარმომადგენელს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებსაც შეხვდნენ.