კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა საკოორდინაციო საბჭომ, თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ რეკომენდაცია გასცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომმორიგი სხდომა გამართა. არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით უწყებათაშორისი საბჭო მთავრობის მეთაურთან ინტენსიურ რეჟიმში იკრიბება.
საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა ის ფაქტი, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა, ხოლო ამ დრომდე ინფიცირებული სამი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე კარანტინში 100-ზე მეტი ადამიანი რჩება. კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მოგზაურობისგან, განსაკუთრებით კი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრულ ქვეყნებში.
უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს მიეცათ დავალება, საქართველოს მასშტაბით ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტსა და აეროპორტებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საველე კარვები დამონტაჟდეს, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანამდე განთავსდებიან.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისმა საბჭომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ რეკომენდაცია გასცა. აღნიშნული ინფორმაცია ადგილობრივ თვითმმართველობებს უკვე მიეწოდათ.
ამასთან, საქართველოს მასშტაბით სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურ ფაზაში გადავიდა. სასწავლო დაწესებულებები, ისევე, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სპეციალური ხსნარებით მუშავდება.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სხდომებს სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს, ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს და მთავრობა პროცესს სრულად მართავს.