გურამ ნიკოლაშვილი: ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის ინდექსით 2019 წელს საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა

„ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის ინდექსით 2019 წელს საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა, შედეგი გაიუმჯობესა და 27-ე ადგილი დაიკავა ევროპის 45 ქვეყანას შორის”, – ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა, გურამ ნიკოლაშვილმა ტვ “იმედის” ეთერში გადაცემა “დღის ქრონიკაში” თავისუფლების ბარომეტრის შეფასებაზე საუბრისას განაცხადა.
​მისი თქმით, საქართველო კვლავ ლიდერობს რეგიონში და საინტერესოა, რომ გაუმჯობესება დაფიქსირებულია იმ ფონზე, როდესაც შარშან ზაფხულში ქვეყანამ მცირე პოლიტიკური კრიზისი გადაიტანა.
„მნიშვნელოვანი როლი გაუმჯობესებაში ითამაშა პრესის თავისუფლების ინდექსმა, სადაც აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში არსებული სპეკულაცია “რუსთავი 2″-ის გარშემო დასრულდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც მთლიანად დაადასტურა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ. ასევე, აღნიშნულია, რომ კომპანიის კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნებას ხელი არ შეუშლია ჟურნალისტებისთვის ერთდროულად ორი ახალი ტელევიზია გაეხსნათ. ცხადია, რომ ეკონომიკაზე გავლენა აქვს ყველაფერს, თავისუფლების ინდექსსაც, არჩევნებსაც, ეკონომიკურ მოლოდინებსაც და კორონა ვირუსსაც. საინტერესოა ის, როგორ ახერხებს ხელისუფლება, გაუმკლავდეს აღნიშნულ მიმდინარე პრობლემებს და შეინარჩუნოს ჯანსაღი ეკონომიკაც და ზრდის ტემპიც”, – განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.
​ამასთანავე, გადაცემის ავტორმა ყურადღება გაამახვილა იანვარში დაფიქსირებულ ეკონომიკურ ზრდაზე. გურამ ნიკოლაშვილმა, ასევე, ისაუბრა ბრიტანული ჟურნალ „ეკონომისტის” წლიური გამოცემის „მსოფლიო 2020 წელს” ეგიდით და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით თბილისში ჩატარებულ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020″, რომლის მიზანი იყო საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ანალიზი და ახალი შესაძლებლობების განხილვა გლობალურ კონტექსტში. კონფერენციის ფარგლებში, რომელსაც 200-მდე მონაწილე და სტუმარი დაესწრო, სამი პანელი გაიმართა. საქართველოს მთავრობა კი რამდენიმე მინისტრით იყო წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები