ნიკოლოზ მჭედლიშვილი: თუ გავითვალისწინებთ, რომ იანვარი არააქტიურ თვედ ითვლება, 5.1% ზრდა ძალიან კარგია

იანვარში ეკონომიკური ზრდა 5.1 პროცენტი იყო, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2019 წლის იანვარში 3.5 პროცენტს არ აღემატებოდა. არც მინახავს უწინ ასეთი ციფრი იანვარში,- ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საარჩევნო წლის მშპ-ს მაღალი ზრდით დაწყება ძალიან კარგი სტარტია.

„იანვარში, წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა 5.1 პროცენტი იყო, მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი 2019 წლის იანვარში 3.5 პროცენტს არ აღემატებოდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ იანვარი ტრადიციულად არააქტიური თვეა, ეს ზრდა ძალზე კარგია და არც მინახავს უწინ ასეთი ციფრი იანვარში. იზრდება ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სექტორი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იანვარში ექსპორტის ზრდა 10 პროცენტით. კარგ მაჩვენებლებს აჩვენებენ მშენებლობის, დაზღვევის, ფინანსური სერვისების სექტორები. გარდა ამისა, 2019 წელი იყო პოლიტიკურად ძალიან დაძაბული, რაც ტრადიციულად ეკონომიკის ზრდას ხელს არ უწყობს ხოლმე, მაგრამ ქვეყანამ საპროგნოზო მაჩვენებელზე მეტი – 5.2-პროცენტიანი ზრდა მაინც დააფიქსირა. საარჩევნო წელს მაღალი მშპ-ს მაღალი ზრდით დაწყება არის კარგი სტარტი. ერთადერთი, რამაც ამ ზრდას შეიძლება შეუშალოს ხელი, არის გლობალური ეკონომიკური რეცესიის საფრთხე, რაც გამოწვეულია კორონავირუსის პანდემიის შიშით მთელ დედამიწაზე, რაზედაც უცხოური სააგენტოები საუბრობენ ბოლო დღეებია. გუშინწინ ვიყავი ეკონომიკურ კონფერენციაზე, სადაც მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის წარმომადგენლები ძალზე პოზიტიურად აფასებდნენ ეკონომიკურ რეფორმებს და ეკონომიკური ზრდის პერსპექტივას”,- წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები