გიორგი გახარიამ ამირან გამყრელიძეს და პაატა იმნაძეს საზოგადოების ინფორმირებულობისთვის მადლობა გადაუხადა

მსურს ხაზგასმით და თითოეული მოქალაქის სახელით მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენ და თქვენს მოადგილეს, ბატონ პაატა იმნაძეს და საერთოდ, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, რამეთუ ის ინფორმირებულობა, რომელიც თქვენ შემოგაქვთ ქართულ საზოგადოებაში მსგავს გამოწვევებთან დაკავშირებით, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი,- ამ სიტყვებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს მიმართა, რომელიც მთავრობის დღევანდელ სხდომას ესწრებოდა.

გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მთავრობა ყველა საჭირო პრევენციულ ნაბიჯს ახორციელებს და მიმდინარე პროცესს სრულად აკონტროლებს.

“მე რაც მოვისმინე, ბოლო ორი დღის განმავლობაში, მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი მთავრობის, ჯანდაცვის სისტემის და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ძირითადი ამოცანაა დროული გამოვლენა, ხოლო ჩვენი, როგორც მოქალაქეების ძირითადი ამოცანაა პირადი ჰიგიენის ელემენტარული წესების დაცვა, რაც არ არის რთული. ამიტომ, მე ვფიქრობ, ამ ამოცანებსაც გავუმკლავდებით ყველანი ერთად. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს ყველა საჭირო პრევენციულ ნაბიჯს და სრულად აკონტროლებს მიმდინარე პროცესს,”- აღნიშნა გახარიამ.

პრემიერმა, დღესვე, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქალაქეების ყოველდღიურ რეჟიმში, ინტენსიური ინფორმირება დაავალა, იმისათვის, რომ არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა სრულად აკონტროლებს პროცესს და ამ გლობალურ გამოწვევას საკმაოდ ეფექტურად უმკლავდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები