ამირან გამყრელიძე: არ გაგეცინოთ, მაგრამ იქნებ თავი შევიკავოთ გადაკოცნისგან და ხელის აწევით მივესალმოთ ერთმანეთს
არ გაგეცინოთ, მაგრამ ერთი მოწოდება უნდა გაგიკეთოთ. ქართველებს გვახასიათებს, როცა ერთმანეთს ვხვდებით, ვკოცნით და ძალიან გთხოვთ, იქნებ, თავი შევიკავოთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან მოსახლეობას ჰიგიენის წესების დაცვისკენ მოუწოდა.
„ძალიან გთხოვთ, არ გაგეცინოთ, მაგრამ ერთი მოწოდება უნდა გაგიკეთოთ. ქართველებს გვახასიათებს, როცა ერთმანეთს ვხვდებით, ვკოცნით და ძალიან გთხოვთ, იქნებ, თავი შევიკავოთ. ეს მხოლოდ კორონავირუსს არ ეხება. ზოგადად, ჩამოვაყალიბოთ ჩვენში ეს კულტურა, რომ განსაკუთრებით ამ დროს არ არის საჭირო, როდესაც რესპირაციული ინფექციები ბობოქრობს, რომლებიც სწორედ წვეთოვანი გზით და ახლო კონტაქტით გადადიან. ასეთ დროს, ასევე არ არის რეკომენდაციებში ხელის ჩამორთმევა, ამიტომ, სჯობს ხელის აწევით მივესალმოთ ერთმანეთს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ დადასტურდა. დაავადებული საქართველოს 50 წლის მოქალაქეა, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.