გია გაჩეჩილაძე: თბილისის მერს ძალიან საინტერესო ინიციატივა აქვს ადვილად აალებადი მასალების და საბურავების საცხოვრებელ სახლებთან შენახვის და რეალიზაციის დარეგულირების შესახებ
ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეები” ფრაქციის თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე თბილისის მერიის ახალ ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც ადვილად აალებადი მასალების და საბურავების საცხოვრებელ სახლებთან ახლოს შენახვას და რეალიზაციის დარეგულირებას ეხება.
მისი თქმით, ძალიან საინტერესო და დროული ინიციატივაა.
„ძალიან დროული ღონისძიებაა, დედაქალაქის მერიის მხრიდან, მტვრიანობა რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად ეს არის ნომერ პირველი პრობლემა ქალაქებისთვის და მათ შორის თბილისისთვის, ამიტომ ეს ინიციატივა, რომელიც თბილისის მერს კახა კალაძეს აქვს არის ძალიან საინტერესო”- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
მან ასევე აღნიშნა რომ, სერიოზული ნაბიჯები ატმოსფერული ჰაერის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანასთან დაკავშირებით უკვე გადადგმულია.
„მაგალითად, ახალი სტანდარტების შემოღება ბენზინზე. ჩვენ ევროკავშირთან თანამშრომლობით ევრო 5 შემოვიტანეთ ბენზინზე და ამან გამოიწვია ის, რომ თბილისში ჰაერში ტყვიის შემცველობა შემცირდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ შემცირდება, როდესაც შემოვა დიზელზე ევრო 5 და გარკვეული პრობლემური ნივთიერებები მოექცევა ნორმაში.
თბილისის მერიის ინიციატივა იყო ასევე ის, რომ ჩვენ კანონით შევზღუდეთ, სამშენებლო მასალების ღიად დამუშავება, რომელიც მტვერს იწვევდა და ეს ნელ-ნელა ეფექტური ხდება. მთლიანობაში ამ ყველაფრით შესაძლებელი იქნება ამ პრობლემების მოგვარება,” – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.