მარიამ ჯაში: თუ მინისტერიალი თბილისში ლავროვის ხელმძღვანელობით ჩატარდა, ამან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პროტესტი შეიძლება გამოიწვიოს
პარლამენტის ფრაქცია ”დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, თუკი ევროსაბჭოს მინისტერიალი მაისში თბილისში ჩატარდა, მით უმეტეს, თუკი ეს ლავროვის ხელმძღვანელობით მოხდა, ამან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პროტესტი შეიძლება გამოიწვიოს.
მისი თქმით, გონივრული იქნება, თუ მინისტერიალი სტრასბურგში ჩატარდება.
“გონივრული იქნება როგორც პოლიტიკური, ასევე ჩვენი საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით, რომ აღნიშნული შეხვედრა ჩატარდეს სტრასბურგში. რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება არის აუცილებელი, მაგრამ არა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე. ვშიშობ, რომ თუკი მაისში ჩატარდა აღნიშნული შეხვედრა თბილისში, მით უმეტეს, თუკი ის ჩატარდა ბატონი ლავროვის ხელმძღვანელობით, ამან შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პროტესტი, რაც იქნება სამართლიანი,“ – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
დღეს გაირკვევა, უნდა ელოდოს თუ არა თბილისი რუსეთის დელეგაციას. დღის განმავლობაში სტრასბურგში შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ქართული დელეგაციაც ესწრება.