მარინა ეზუგბაია: ახალი კორონავირუსის დიაგნოსტიკის მიზნით კლინიკაში მოთავსებულ 13-ვე პაციენტზე ტესტი აღებულია, შედეგები დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი
ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 13 პაციენტია მოთავსებული, აქედან 3 ირანის მოქალაქეა, 1 ჩინეთის, ხოლო დანარჩენი საქართველოს მოქალაქეა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, პაციენტებს შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდათ და პასუხი დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.
“დღეს დილით 13 პაციენტი გვყავს. სამი მათგანი არის ირანის მოქალაქე, 1 – ჩინეთის, ხოლო დანარჩენები არიან ქართველები, რომლებიც ნამყოფები არიან ძირითადად იტალიაში. ყველა მათგანთან გამოირიცხა პნევმონია. არცერთ მათგანთან არ დადასტურდა არც “ა” და არც “ბ” ტიპის გრიპის ვირუსი. ლაბორატორიული მონაცემებით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ფიქსირდება. ყველა ამ მონაცემის შეჯერებით, პაციენტების ზოგადი მდგომარეობა, საშუალო სიმძიმისაც კი არ არის. 13-ვე პაციენტზე აღებულია ტესტი, დღის მეორე ნახევარში შედეგი ცნობილი იქნება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.