გურიზმები: ფარდობითი მორალი, ვანო მერაბიშვილი და უალკოჰოლო ლუდი

ტრაგიკული და კომიკურია ერთად, თან მორალისა და სინდისის მშრალად შენარჩუნება გინდოდეს და ამიტომ გმობდე ვანო მერაბიშვილს და თან იდგე „ნაციონალურ მოძრაობასთან”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გური სულთანიშვილი POSTV-ის ვიდეობლოგში ამბობს.

მისი თქმით, გინდოდეს “ნაციონალები” მათი მთავარი თვისებების გარეშე, ეს უალკოჰოლო ლუდის მიღებაა, ნახევრად ორსულის მდგომარეობა, რომელიც ბუნებაში არ არსებობს.

„ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებამ ბევრი რამის კრისტალიზაცია შეძლო, განსაკუთრებით კი იმის, როგორი კომიკურები, ინტელექტუალურად გაბანკროტებულები და დეფორმირებული სინდისის მქონე ხალხია „ნაციონალური მოძრაობის” გარშემო შემოკრებილი ოპოზიციური აქტორები, ანუ ისინი, ვინც ამბობენ, “ნაცები” არ ვართო, მაგრამ მაინც მათ გვერდით დგანან. უფრო ზუსტად კი ისინი, ვინც მანამდე ებრძოდა „ნაციონალურ მოძრაობას”, ხოლო ახლა ერთად დგანან და მიიჩნევენ, რომ უპატიებელი “ნაცებს” არც არაფერი გაუკეთებიათ. რაკი ერთად დგანან, ეს ნიშნავს, რომ აპატიეს.

ერთი მხრივ, შალვა შავგულიძემ დაგმო ვანო მერაბიშვილი, მე მაგის გვერდით ვერ დავდგებიო. მეორე მხრივმ ნინო ჯანგირაშვილმა ვანო ჩემთვის ჯალათთან ასოცირდებაო. ბესელიამაც დაახლოებით იგივე თქვა. ახლა გუბაზმაც უნდა დაგმოს ვანო და შეიკვრება არათანმიმდევრულობის სრული სპექტრი. ნახეთ, როგორ შეიძლება გმობდე ვანოს, მაგრამ იდგე “ნაციონალებისა” და „ევროპული საქართველოს” გვერდით, მოგწონდეს, მაგალითად, გიგა ბოკერია, ნიკა გვარამია და ემიჯნებოდე ვანოს. ეს იგივეა, ემიჯნებოდე ლუკა ბრაზის, იმიტომ რომ ძალადობრივ მაფიოზურ ოჯახს გამოხატავს, მაგრამ მაინც იდგე კორლეონეების ოჯახის გვერდით. ანდაც, როგორც ტარანტინოს უსახელო ნაბიჭვრებშია, არ მოგწონდეს ჰანს ლანდა, რადგანაც ის იმ რეჟიმის ძალადობრივი სახეა, ემიჯნებოდე მას, მაგრამ მაინც თანამშრომლობდე ნაცისტებთან. ანომალიაა ხომ?

მოკლედ, ამ მდგომარეობას ჩვენზე უკეთ სლოვენიელი ფილოსოფოსი სლავოი ჟიჟეკი შეაფასებდა, რომელმაც ასეთ სიმულაციურ ვითარებას უკოფეინო ყავის კონდიცია დაარქვა. ჩვენ ყავა მოგვწონს მისი მთავარი თვისების, კოფეინის გამო, მისი გამოცლით კი საფუძველს ვაცლით და მხოლოდ რიტუალად ვტოვებთ მას. ასეთია კიდევ უალკოჰოლო ლუდი. ანუ საგნები დაცლილი მათი მთავარი მნიშვნელობებისგან.

დაახლოებით ასეთი მდგომარეობაა, ერთი მხრივ, ებრძოდე “ნაციონალებს”, შემდეგ გაერთიანდე მათთან და თან ემიჯნებოდე ვანო მერაბიშვილს. გინდოდეს “ნაციონალები” მათი მთავარი თვისებების გარეშე, ეს უალკოჰოლო ლუდის მიღებაა, ეს ნახევრად ორსულის მდგომარეობაა, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. ადამიანი ან არის ორსული, ან – არა, ნახევრად ორსული არ არსებობს. ამიტომაც ტრაგიკული და კომიკურია ერთად, თან მორალისა და სინდისის მშრალად შენარჩუნება გინდოდეს და ამიტომ გმობდე ვანო მერაბიშვილს და თან იდგე „ნაციონალურ მოძრაობასთან”.

ვანო მერაბიშვილის პრობლემა არ არის პერსონალური, მისი პრობლემა არა მის პერსონაში, არამედ „ნაციონალურ მოძრაობაშია”, იმ პერიოდში, იმ ძალადობრივ პოლიტიკაში. მისი პრობლემის პერსონაში გადატანით, ივიწყებთ სისტემურ ძალადობას და, ზოგადად, სისტემას” – ამბობს გური სულთანიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები