ნიუ-დელიში არეულობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა
ნიუ-დელის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, არეულობის შედეგად, გარდაცვლილთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, 250-ზე მეტი მოქალაქე დაშავდა.
25 თებერვალს ნიუ-დელიში კომენდანტის საათი დააწესეს.
აქციის მონაწილეები მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებას აპროტესტებენ.
ინდოეთის პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, ავღანეთიდან, პაკისტანიდან და ბანგლადეშიდან არამუსლიმი-ლტოლვილები, ინდოეთის მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიიღებენ, იმ შემთხვევაში, თუ ისინი სამშობლოში დევნის ობიექტი არიან.
კანონის გამო უკმაყოფილება ინდოელმა მუსლიმებმა გამოთქვეს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კანონში შესწორება ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რადგან ადამიანებს რელიგიური ნიშნით აკნინებს.
უკმაყოფილება ასევე ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ შტატების მოსახლეობამაც გამოთქვა, რომლებიც თვლიან, რომ ამიერიდან მათ რეგიონებში მილიონობით ბანგლადეშელი ლეგალურად დასახლდება, რაც ადგილობრივების ინტერესებს ეწინააღმდეგება.