სალომე ზურაბიშვილი: გამოვყოთ თბილისში ადგილი, სადაც იქნება ერთი მემორიალი ყველასთვის
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ყველა ბრძოლასა და ომში დაღუპულთა საერთო მემორიალის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.
ზურაბიშვილის თქმით, საერთო მემორიალი შემეცნებითი ადგილიც იქნება.
“დრო მოვიდა, რომ ერთი ადგილი გამოვყოთ ამ ქალაქში, სადაც იქნება ერთი მემორიალი ყველასთვის. არა ეს დაფა, რომელიც პარლამენტის შენობაზეა და არა ეს ადგილი, (პარლამენტის შიდა ეზო), რომელიც ფართო საზოგადოებისათვის მიუწვდომელია, არამედ, სხვა ადგილი, სადაც ცხრა აპრილს და ჩვენს ყველა ომსა და ბრძოლაში დაღუპულები იქნებიან ერთად. ეს საერთო მემორიალი იქნება შემეცნებითი ადგილიც, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ სკოლებიდან მისვლა, რათა პატივი მიაგონ მათ ხსოვნას, გაიგონ რა ხდებოდა, რამდენი ბრძოლა ჩაატარა ამ ქვეყანამ, რამდენი ადამიანი დაიღუპა, რამდენმა დალია სული და რა არის ჩვენი მემკვიდრეობა, რომელსაც ყველამ პატივი უნდა ვცეთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.