სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცის 11 სარეალიზაციო ობიექტი დააჯარიმა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა, დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიზე ე.წ.„გვირაბში”( მ.წინამძღვრიშვილის ქ. #133) ხორცის 13 სარეალიზაციო ობიექტი შეამოწმეს. 11 ობიექტი სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის, ხორცის შენახვისა და რეალიზაციის არასათანადო პირობების გამო დაჯარიმდა, აქედან 4 ობიექტს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ბიზნესოპერატორებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით რეკომენდაციები მიეცათ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ვასილ ბასილაძის თქმით, აქტიური კონტროლისა და ინფორმირებულობის გაზრდის შედეგად, წინა წლებთან შედარებით, ვითარება გაუმჯობესებულია.

„მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ისეთი მაღალი რისკის სურსათის შემოწმება როგორც ხორცია. სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ყოველდღიურად ახორციელებენ კონტროლს და მონიტორინგს, განსაკუთრებით აგრარული ბაზრების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის მოხვედრის რისკი მაღალია. უნდა აღინიშნოს რომ აქტიური კონტროლის და ინფორმირებულობის გაზრდის შედეგად, წინა წლებთან შედარებით, ვითარება გაუმჯობესებულია,”- განაცხადა ვასილ ბასილაძემ.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები დაცული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები