ირაკლი ჩიქოვანი კიბერშეტევაზე: საერთაშორისო თანამეგობრობის ერთსულოვნება მნიშვნელოვანი განაცხადია, რომ მომავალში ასეთი თავდასხმები ავირიდოთ
კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი ერთსულოვნება საერთაშორისო თანამეგობრობისა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს, როგორც დემოკრატიული განვითარების გზაზე მდგარ, ევროპასთან ასოცირებულ სახელმწიფოს, არის მნიშვნელოვანი განაცხადი, რომ მომავალში ასეთი თავდასხმები იქნას არიდებული, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოზე განხორციელებულ მასშტაბურ კიბერშეტევაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ჰიბრიდული საფრთხეები წარმოადგენს სუვერენული სახელმწიფოს სამართლებრივი ნორმების ხელყოფას.
„ჩვენ აქ ვსაუბრობთ, არამხოლოდ ისეთ კიბერთავდასხმაზე, რომლის მიზანიცაა კონკრეტული ვებ-გვერდების პარალიზება, არამედ სხვა ფორმებზეც და ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, საუბრობს მსოფლიო. მათ შორისაა, მანიპულირება საზოგადოებრივი აზრით, ამ ჰიბრიდული საფრთხეების წინაშეც ვდგავართ. ზუსტად ეს არის საერთო ჯამში ერთობლიობა ამ ყველაფრისა, რომელიც ხელყოფს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოს სამართლებრივ უფლებებსა და ნორმებს,”- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.