თურქულმა პრესამ საქართველოში განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტი ფართოდ გააშუქა

20 თებერვალს, თურქულმა პრესამ ფართოდ გააშუქა საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევის ფაქტი.

სტატიებში ნათქვამია, რომ საქართველომ რუსეთი დაადანაშაულა გასული წლის 28 ოქტომბერს, საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევის ორგანიზებაში, რამაც დააზიანა სახელმწიფო უწყებების სერვერები. ასევე, აღნიშნულია, რომ ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, ხსენებული კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

ამასთან, სტატიების თანახმად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, ზემოხსენებული კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებას და მოშლას.

კონსტანტინიდის თქმით, საქართველო გმობს აღნიშნულ კიბერშეტევას, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს და წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის მორიგ ხელყოფას.

თურქულმა პრესამ ასევე ყურადღება გაამახვილა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს განცხადებაზე, რომლითაც რუსული მხარე აღნიშნული კიბერშეტევის ორგანიზებას უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები